თბილისის მერის მოადგილე, ირაკლი ხმალაძე დასუფთავების სამსახურის თანამშრომლების აქციას უკანონოს და საბოტაჟს უწოდებს. მისივე თქმით, ამას შესაბამისი ზომები მოჰყვება.
"აქ მნიშვნელოვანი გარემოება არის ის, რომ მათი მოთხოვნების თითქმის ყველა კომპონენტში სამსახური მუშაობდა და გარკვეული პროგრესი უკვე მიღებულია. ეს იყო უკანონო გაფიცვა, რადგან გაფიცვის ფორმა დადგენილია კანონმდებლობით, რომლის დაცვაც არ მომხდარა. ეს არ იყო გაფიცვა, ეს იყო თანამშრომლებისთვის მუშაობაში ხელშეშლა, ეს იყო გარკვეულწილად საბოტაჟი, რაც ჩვენთვის მიუღებელია. ამას აუცილებლად მოჰყვება შესაბამისი ზომები", - თქვა ხმალაძემ.
თბილსერვის ჯგუფის დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები გაიფიცნენ. ისინი ამბობენ, რომ კომპანიაში უამრავი პრობლემაა, თუმცა, მათი მთავარი მოთხოვნა ხელფასის მატებაა.
აქციის მონაწილეების თქმით, ისინი მძიმე პირობებში მუშაობენ - ავტომობილები მოუწესრიგებელი და გაუმართავია, ასევე კომპანია არ უზრუნველყოფს მათ სეზონური უნიფორმებით და ზაფხულშიც ზამთრის ფორმებით უწევთ მუშაობა.
მერიაში აცხადებენ, რომ გაფიცულების ნაწილი სამუშაო რეჟიმს დაუბრუნდა.